დადგენილება

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2013 წლის 26 აგვისტო  ქ. თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

 

მუხლი 1

მოქმედების სფერო

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში −  „ნუსხა“).

 

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

 

3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე:

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარია;

ბ) საქართველოს სამინისტრო;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ე) საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება.

მუხლი 2

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე.

 

2. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

  

მუხლი 3

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

  

მუხლი 4

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.

4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნები.

 

მუხლი 5

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (პირები)

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).

   

მუხლი 6

საჯარო ინფორმაციის  გვერდი

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.

2. ამ დადგენილების დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.

  

მუხლი 7

გარდამავალი დებულებები

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე, გარდა ადმინისტრაციული საჩივრის ფორმების/ნიმუშების და გასაჩივრების წესის შესახებ ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნებაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე უნდა უზრუნველყონ 2014 წლის 1 მარტამდე. (31.12.2013 N 404)

3. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ბიძინა ივანიშვილი

   

დანართი

 

 

პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურუ­ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრა­ტეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოად­გილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტო­რიუ­ლი ორგანოების  ხელმძღვანელების (საჯარო სა­მა­რ­თლის იურიდიული პირების შემთხვევაში − მათი ხე­ლ­მ­ძღვანელებისა და მოადგილეების) შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა­ხუ­რის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.4

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრე­ზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან­გარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ქვეყნდება კვარტალურად

3.    ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე­გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა­ობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პრო­­ცე­დურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ად­მი­ნისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  სახელმწიფო შეს­ყი­დვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციე­ლე­ბული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

5.    ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და და­ზუსტებული ბიუჯეტები

ქვეყნდება კვარტალურად

5.2

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნა­ზა­რ­დი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.3

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე­მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდე­ბო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

5.4

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გა­წეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა­რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.5

ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავ­ტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მო­დე­ლის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.6

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.7

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა­ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გა­წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ­რად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეუ­ლე­ბის  მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყო­ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმ­ღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიც­ხული ოდენობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსა­თვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5.13

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან ადმინისტ­რა­ციული ორგანოსა­თვის გამოყოფილი თანხების  შე­სა­ხებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორ­­განოს მიერ ძალაში შესვ­ლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმი­ანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ­ლე­ბიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სა­ზო­გადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში

7.    სხვა საჯარო ინფორმაცია

7.1

ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა­სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო­მელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორ­განოს მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

           

 

შენიშვნა 1. ნუსხის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს.

 

შენიშვნა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

შენიშვნა 3. დადგენილებით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან.

 

შენიშვნა 4. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.