ლაბორატორია აკრედიტირებულია ISO 17 025 სტანდარტზე

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო

 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის (LMA) საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტირება და სურსათისა და სასმელი წყლის კვლევა. ლაბორატორია კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში და ხელს უწყობს ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების აპრობაციასა და დანერგვას.

 

ხარისხის მართვა

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ სახელმწიფოში ახალი სტანდარტების დანერგვის ვალდებულებები გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის მასშტაბითაც, სავალდებულო ხდება საკვები პროდუქტების უვნებლობა.

საქართველოს მიერ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, საჭირო გახდა საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას გააჩნია საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემა. ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული - ქმნის სანდოობის განცდას , როგორც ქვეყანაში მყოფი მომხმარებლისთვის, ასევე საზღვრებს გარეთ პროდუქტის მაკონტროლებლებისთვის; საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა და სიზუსტე.

 

ეპიდ-ზედამხედველობა ქვეყნის მასშტაბით

 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და სრულიად მზადყოფნაში არიან ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

 

ლაბორატორიის თანამშრომელთა გადამზადება/პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა

 

ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ასევე, ლაბორატორიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; უწყევტად ხდება კადრების გადამზადება ახალ მეთოდოლოგიებში. ლაბორატორიის სპეციალისტები სწავლებას გადიან აშშ-ისა და ევროპის წამყვან საცნობარო ლაბორატორიებში.

 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ჩართულია პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორია აბარებს გამოცდებს პროფესიულ კვლევებში. მსგავს აქტიობებში მონაწილეობა წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

 

პროფესიული განათლების ხელშეწყობა

 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.

 

ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლებიდან და უნივერსიტეტებიდან სტუდენტების ჩართვა საწარმოო პრაქტიკაში მათი მომავალი დასაქმების მიზნით. ამის საფუძველზე, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების მიღების შემდეგ გრძელდება მათი პროფესიული განვითარება. დასაქმებულმა სტუდენტებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა რიგ სამუშაო სწავლებებში/ ტრენინგებში, რომლებიც გაიმართა სხვადასხვა მოწვეული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტის მიერ. „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამით ლაბორატორიაში სტაჟირებას გადიან სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.