ლაბორატორიამ საერთაშორისო რე-აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ლაბორატორიამ საერთაშორისო რე-აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და სააკრედიტაციო ორგანოს მიერ დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აკრედიტაციას ISO 17025:2005 სტანდარტზე 2014 წლიდან ფლობს. რე-აკრედიტაციის პროცესი პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია, მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტის სერვისის უზრუნველყოფა.
იმისათვის, რომ ლაბორატორიამ წარმატებით გაიაროს რე-აკრედიტაციის პროცესი, მოწმდება სხვადასხვა მახასიათებელი: სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, დოკუმენტაცია, აპარატურის შესაბამისობა, პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა.
ერთი კვირის მანძილზე, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს ANAB ( ANSI-ASQ National Accreditation Board) -ის აუდიტორი, რასოლოუ დიალო აკვირდებოდა თუ რამდენად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს ლაბორატორიებში დანერგილი მეთოდები. ANAB-ის სპეციალისტი იმყოფებოდა, როგორც თბილისის, ასევე, ქუთაისისა და ახალციხის რეგიონულ ლაბორატორიებში.
ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული - ქმნის სანდოობის განცდას , როგორც ქვეყანაში მყოფი მომხმარებლისთვის, ასევე საზღვრებს გარეთ პროდუქტის მაკონტროლებლებისთვის; საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.
სააკრედიტაციო ნუსხაში შესული მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ANAB-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.