საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლისაა


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საიუბილეო ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და ქვეყანაში მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით 

გამართული ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაარსებიდან 110 წელი შეუსრულდა. ეს არის უდიდესი ისტორია. ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს. დღეს ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქვეყანაში ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვას გულისხმობს. ამ მოთხოვნებზე პასუხი კი მხოლოდ ადეკვატური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებშია შესაძლებელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიის კომპეტენციის ზრდის კუთხით უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებები, რის შედეგადაც, ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების დონის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, განხორციელდა ლაბორატორიის მოდერნიზება, მოხდა ახალი აღჭურვილობების შეძენა და, შესაბამისად, ახალი მეთოდების დანერგვა. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საქართველოს ლაბორატორიას რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე უწოდა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ლაბორატორიის 110 წლიანი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა. მოეწყო ფოტოარქივის გამოფენა და სხვადასხვა ეტაპზე ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლების დაჯილდოება.