ვიზიტი ევროპის საცნობარო ლაბორატორიებში


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საცნობარო ლაბორატორიებს ეწვივნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 ვიზიტის მიზანი იყო იმ პრაქტიკული ინფორმაციის მოგროვება, რომელიც მომავალში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას საშუალებას მისცემს დამატებითი - რეფერალური ფუნქცია შეითავსოს. რეფერალურია ლაბორატორია, რომელსაც ენიჭება კვლევის შედეგების დამადასტურებლის ფუნქცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება გარკვეულ მაჩვენებლებზე სადაო შედეგების გადამოწმება. საქართველოში მსგავსი ინსტანციის ჩამოყალიბების შედეგად, ფერმერებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება. რეფერალურ ცენტრად ჩამოყალიბება კი სხვადასხვა პროცედურების გავლას მოითხოვს. „რეფერალური სტატუსის მისაღებად, ჩვენი ლაბორატორიის ხარისხის მართვის სპეციალისტებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება კი, აღნიშნული პროცესის განხორციელებას უფრო მეტად დააჩქარებს.“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ბ-ნ ირაკლი გულედანი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია INIA - სა (The Spanish National Institute for Agriculture and Food Research and Technology) და Pirbright-ის (Institute in England) ინსტიტუტებთან წლების მანძილზე თანამშრომლობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები პროფესიული კომპეტენციის ტესტირებას სწორედ ამ ინსტისტიტუტებში გადიან.