დასაქმების ფორუმი თსუ-ში


სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე შეარჩია სტუდენტები, რომლებიც ლაბორატორიაში პრაქტიკას გაივლიან.
ფორუმში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ისე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ პირს გააცნეს საკუთარი უწყების საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, რა მიმართულებებით მუშაობს ლაბორატორია და რა პროცედურებს მოიცავს პრაქტიკების გავლის პროცესი. ლაბორატორიის სპეციალისტები უკვე მეორედ იღებენ მონაწილეობას დასაქმების ფორუმში, რის შედეგადაც შეიქმნა „სარეზერვო ფონდი“, რომელიც სამომავლო პრაქტიკების დაგეგმვაში არის გათვალისწინებული. სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას. პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხორციელდება. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე ექვსი სტუდენტის განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში. დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. სახელმწიფო პროგრამების გარდა , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც. ამჟამად ლაბორატორიას გაფორმებული აქვს 7 მემორანდუმი პროფესიულ სასწავლებელთან/საზოგადოებრივ კოლეჯთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტთან. ლაბორატორია ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საბაკალავრო პროგრამის განვითარებას, „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში“. #სოფლისმეურნეობა2017 #სოფლისმეურნეობისლაბორატორია #პროფესიულიგანათლება #LMA