შეხვედრა DTRA-ს უმაღლეს წარმომადგენლობასთან


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მუშაობის პროცესს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) უმაღლესი წარმომადგენლები გაეცნენ.
 შეხვედრის მიზანი მიმდინარე ,,ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) სტატუსის განსაზღვრა და საქართველოს მთავრობისათვის გადმოცემის, შენახვისა და ექსპლუატაციის პროცესის მექანიზმების განიხილვა იყო. როგორც DTRA-ს პროგრამის მენეჯერმა, კრისტოფერ რაიანმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დაწყებულია პროცესი, რომელიც ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის გადმობარებას და დამოუკიდებლად განხორციელებას ეხება. მან ლაბორატორიას ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა DTRA-ს დელეგაციასთან მხარეებს შორის გაფორმებული პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ ერთიანი შეთანხმებით (JTA) გათვალისწინებული ვალდებულებების მიმდინარეობის საკითხები დეტალურად განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით, ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. აღნიშნულ სისტემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიები შედის. საქართველოში „ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა“ აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას. „CBEP საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა; ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი; ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ჩატარდა არაერთი ტრეინინგი და სემინარი. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად ჩაერთო „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და DTRA-ს მიერ განხორციელებული აქტივობების საფუძველზე მზადაა, ეპიდაფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთოს ლაბორატორიულ კომპონენტში.