ხშირად დასმული კითხვები

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მისამართით ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალი:

 

რა სახის კვლევებს ატარებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და რა მიმართულებებით მუშაობს? ფლობს თუ არა საერთაშორისო აკრედიტაციას?

 

ს.ს.ი.პ. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ კვლევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით (მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და წყლის კვლევა) ახორციელებს. მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ მათი განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.
2016 წელს, ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებთან (თბილისი, ახალციხე, ქუთაისი) ერთად საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია გაირა ხუთმა რეგიონულმა ლაბორატორიამ (ზუგდიდი, მარნეული, გურჯაანი, დუშეთი და გორი).
ლაბორატორიულ ქსელში დაინერგა ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.

შესაძლებელია თუ არა რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება?

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია კვლევებს ახორციელებს, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული მასშტაბით. ლაბორატორიას გააჩნია 3 (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე) ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია და 8 (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი) რეგიონალური ლაბორატორია.

 

გასცემს თუ არა ლაბორატორია სერტიფიკატს ლაბორატორიაში გამოკვლეულ ნიმუშზე?

 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დაწესებულებაში გამოკვლეულ ნიმუშზე გასცემს გამოცდის ოქმის.

 

რა სახის კვლევები ტარდება თაფლში?

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დანერგილია თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ასევე უვნებლობის პარამეტრებზე შესაძლებელია ჩატარდეს:

 

ქლორამფენიკოლის განსაზღვრა თაფლში


ქლორორგანული პესტიციდების: ჰექსაქლორციკლოჰექსანი (α,β,γ,δ იზომერები), დდტ და მისი მეტაბოლიტები (DDT, DDD, DDE), ჰეპტაქლორი) განსაზღვრა
კადმიუმის (Cd)
ტყვიის (Pb )
ანტიბიოტიკების - ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის და ქლორტეტრაციკლინის განსაზღვრა თაფლში
დარიშხანის (As) განსაზღვრა თაფლში

მეთოდების დანერგვის პროცესი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტანდარტიზირებულია და ექვემდებარება საერთაშორისო მოთხოვნებს.


ხდება თუ არა ლაბორატორიაში წყლის კვლევა?


სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (ქუთაისი, ახალციხე, ზუგდიდი,გურჯაანი, ბათუმი და დუშეთი) წყლის კვლევა ხორციელდება მიკრობიოლოგიურ და ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებზე.

 

როგორი ფორმით უნდა მოხდეს წყლის ანალიზისათვის ნიმუშის წარდგენა და რა რაოდენობით?


ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის ბოთლში აიღეთ 500 მლ რაოდენობით წყალი, რომელიც წინასწარ გასტერილებულია, დაცულია ბამბა-დოლბანდის საცობით და ზემოდან დახურულია ქაღალდის საფარით.
ღია წყალსატევებიდან (ჭა, მდინარე, აუზი და ა.შ.) წყლის სინჯი აიღეთ ბატომეტრით. ბატომეტრი ჩაძირეთ საჭირო სიღრმეზე (10-15 სმ წყლის ზედაპირიდან).
წყალსადენის ონკანიდან წყალი აიღეთ იმ პერიოდში, როცა წყლის დიდი ხარჯვა აღინიშნება. ონკანს წინასწარ გაუკეთეთ სტერილიზაცია ცეცხლმოკიდებული სპირტიანი ტამპონის ალზე მოწვით, შემდეგ ონკანი გააღეთ ბოლომდე და 10-15 წთ-ის განმავლობაში დენის შემდეგ აიღეთ სინჯი.
წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი გააკეთეთ არა უგვიანეს ორი საათისა მისი აღების მომენტიდან. აღნიშნული ვადის გაზრდა შეიძლება 6 სთ-მდე, თუ შენახვა და ტრანსპორტირება მოხდება 1-დან 5 С ტემპერატურის პირობებში.

ხდება თუ არა სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევა?

 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევა ხორციელდება მხოლოდ ბიოლოგიურ (ნემატოდების აღმოჩენა) მახასიათებელზე.

 

როგორი ფორმით უნდა მოხდეს ნიადაგის ნიმუშის აღება?


ნიადაგის ნიმუშის აღება პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებისას: 0,5-20 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი დაყავით არაუმცირეს 10x10 მ ზომის ნაკვეთებად. თითოეული (10x10 მ) ნაკვეთიდან აიღეთ ნიადაგის 10 წერტილოვანი სინჯი 20 სმ სიღმეზე. (20-20 გ ოდენობის თითოეული წერტილოვანი სინჯიდან). ყველა ნაკვეთიდან აღებული წერტილოვანი სინჯები გააერთიანეთ ერთ პარკში და გაუკეთეთ ეტიკეტირება. საანალიზო ნიადაგის ნიმუშის ოდენობა უნდა იყოს 200 -250 გ. სასურველია აღებული ნიადაგის ნიმუში საანალიზოთ მიიტანოთ იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეინახეთ მაცივარში 4-5 C.
ჰელმითოლოგიური გამოცდისათვის - ნიმუში აიღეთ მაშინ, როცა ნიადაგი ტენიანია.

 

როგორი ფორმით უნდა მოხდეს ცოფის, ბრუცელოზის ჯილეხის დაავადებაზე ნიმუშის წარდგენა?


ნიმუში უნდა შეიფუთოს სუფთა, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში/მასალაში ნიმუშის თვისებების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოხდეს მისი დალუქვა.

 

შესაძლებელია თუ არა ლაბორატორიაში სტაჟირების გავლა?


სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას. პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხორციელდება. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე ექვსი სტუდენტის განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში.
დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში.
სახელმწიფო პროგრამების გარდა , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც. ამჟამად ლაბორატორიას გაფორმებული აქვს 7 მემორანდუმი პროფესიულ სასწავლებელთან/საზოგადოებრივ კოლეჯთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტთან. ლაბორატორია ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საბაკალავრო პროგრამის განვითარებას, „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში“.