ლაბორატორიის ფუნქციები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

 

ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებებით.

 

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს. მასში შედის როგორც ცხოველთა და მცენარეთა ლაბორატორიული კვლევა, ასევე სურსათის უვნებლობის ექსპერტიზა.

 

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო კერძოდ მოიცავს:

 

 ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;
 ცხოველთა გადამდები სნეულებების აღმძვრელების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;
 ცხოველებისთვის საშიში დაავადების გაჩენის რისკის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;
 ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა, ხარისხისა და საკვებად ვარგისიანობის განსაზღვრა;
 მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა;
 დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
 ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების, ლაბორატორიული დანადგარ-მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა.

 

ლაბორატორიის უფლება-მოვალეობები

 

ლაბორატორიას უფლება აქვს:

 

ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული დიაგნოსტიკის, ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის, კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ცხოველთა საკვებისა და სასმელი წყლის საკვებად ვარგისიანობის, უსაფრთხოებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის, ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში.
ბ) შეიტანოს წინადადებები სოფლის მეურნეობის სამინისტროში სადიაგნოსტიკო, ლაბორატორიულ და ორგანიზაციულ-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით.
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ეპიზოოტიური, რადიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და სხვა ლაბორატორიული კვლევებისათვის აუცილებებლი მასალები და დოკუმენტები.
დ) მისცეს მითითებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საკვლევი მასალების აღებისა და ლაბორატორიაში გადაგზავნის წესის თაობაზე.
ე) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და გამოკვლევების ჩატარების სისწორე.
ვ) გასცეს დასკვნები ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე.

  • ზ) ადამიანისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში დაავადებების გაჩენის შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცეს შესასრულებლად აუცილებელი მითითებები დაავადების კერის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის და დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტებისა და ნედლეულის შემდგომი გამოყენების წესსა და მიზანშეწონილობაზე.

თ) უშუალოდ წარმართოს ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობა. საჭიროების შემთხვევაში წინადადებით შევიდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული სტრუქტურის შეცვლის ან ახალი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობის თაობაზე.
ი) აუცილებლობის შემთხვევაში დაუბრკოლებლად შევიდეს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და მისცეს შესასრულებლად შესაბამისი მითითებები და დირექტივები.

 

ლაბორატორიის მოვალეობებია:

 

ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი.
ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა.
გ) დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები.
დ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ე) მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დადგენილი წესით.