სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

english

ლობიოს კულტურის სარეველები

ლობიო  (Phaseolus) პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. იგი კულტივირდება მთელ მსოფლიოში. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ჩვეულებრივი ლობიო (Phaseolus vulgaris) ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს მე-16 საუკუნეში.  დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში ლობიო მე-17 საუკუნიდანაა კულტივირებული. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა, იგი სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. საქართველოში ლობიო ერთ-ერთი ტრადიციული კულტურაა, რომელსაც ჩვენ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მას იყენებენ როგორც ნედლი პარკის, ისე მწიფე მარცვლის სახით,  ლობიოს მწვანე პარკი ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაშიც; მეცხოველეობაში ცხოველთა საკვებად იყენებენ მწვანე მასას, მის სილოსს (სიმინდთან ერთად). ლობიოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას, 50-60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმს. 

ლობიოს ზიანს აყენებენ სხვადასხვა სარეველა მცენარეები: ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), ერთწლიანი თივაქასრა (Poa annua L.), ჩიტიფეტვა (Phalaris arundinaceae L.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L) P. B.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), საპონელა (Anagallis coerulea Schreb.), ორკბილა (Bidens tripartita L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ლემა (Datura stramonium L.), ნემსიწვერა (Geranium sanguineum L.), გვირილა (Matricaria L.), ჰელიოტროპი (Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.), ყვითელი ძიძო (Melilotus officinalis L.), მატიტელა (Polygonum L.), დანდური (Portulaca oleracea L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), სპერგულა (Spergula  L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), თეთრი სამყურა (Trifolium repens L.), ჭინჭარი (Urtica diodica L.), ღორის ბირკა (Xanthium strumarium L.) და სხვა. 
ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.

ჩიტიფეტვა - Phalaris arundinaceae L.       
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესვთა სისტემა - ფუნჯა, ფესურა გრძელი, მხოხავი, მოყვითალო-ყავიფერი; ღერო - სწორმდგომი, შეუბუსავი, გლუვი, სიმაღლით 50-200 სმ; ფოთოლი - მარტივი, ლანცეტისებური ან ხაზურა, ბოლო წვეტიანი, ქვედა მხარეს შებუსული; ყვავილედი - საგველა, ყვავილი პატარა, მომწვანო, იასამნისფერი ელფერით, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; ნაყოფი - ყავისფერი ან მოყვითალო მარცვალა, სიგრძით 1.7-2.5 მმ, მწიფდება ივლის-აგვისტოში.

ნემსიწვერა - Geranium sanguineum L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა ნემსიწვერასებრთა ოჯახიდან; ფესურა -  გრძელი, ხორცოვანი; ღერო - შებუსული, დატოტვილი, 20-50 სმ; ფოთლი - მომრგვალო ან თირკმლისებური,  5-7 ლანცეტა ან ვიწრო ელიფსურ სეგმენტებად გაყოფილი, რომლებიც თავის მხრივ 2-3 ნაწილად იყოფა; ყვავილი - წითელი, საყვავილე ღერძი ერთყვავილიანია, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - კოლოფი, ნაყოფს იძლევა ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე.

ღორის ბირკა - Xanthium strumarium L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, უხეში, დატოტვილი, მონაცრისფრო-მწვანე ან მოწითალო, შებუსული, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - გულისებური, 3-5 ნაკვთიანი, კიდედაკბილული, ყუნწიანი, ზემოდან  -  მწვანე, ქვემოდან  - ღია მწვანე, 10 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი - შეკრებილია ფოთლის უბესთან, ყვავილობს ივლის -სექტემბერში; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური, ეკლიანი თესლურა, დიამეტრით 1-2 სმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
საპონელა - Anagallis coerulea Schreb.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, განსაკუთრებით შხამიანია ფესვები, რადგან შეიცავს საპონინებს. ფურისელასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო - მხოხავი, ოთხწახნაგიანი, 5-30 სმ სიგრძის; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, მჯდომარე, ლანცეტა ან მოგრძო კვერცხისებური, კიდემთლიანი; ყვავილები - წითელი, ან თეთრი ან ყვითელი, ვითარდება ფოთლის უბესთან, დიამეტრით 10-15 მმ; ნაყოფი - კოლოფი, მომრგვალო, ერთბუდიანი, თესლი მცირე ზომის, მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე.


სპერგულა - Spergula  L.

ერთწლიანი, ბალახოვანი,  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბერამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური ფორმის, თესლი 1,1 მმ დიამეტრის, სფერული, ლინზისებურად შეჭყლეტილი, ყავისფერი, მწიფდება ივლისიდან აგვისტომდე; მცენარე უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.  

ჟუნჟრუკი - Stallaria media (L.) Cyr.

მიხაკისებრთა ოჯახის წარმომადგენელია; ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ღერო - სუსტი, მწოლარე, ცილინდრული, დატოტვილი, 10 სმ-მდე; ფესვი - ფუნჯა; ფოთლები კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები მცირე ზომის, თეთრი; ყვავილობს - მაის-აგვისტოში; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო ფორმის; თესლი - მომრგვალო ან თირკმლისებური, მუქი ყავისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სიგრძე 0.75-1.25 მმ, ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს 2-5 წლის განმავლობაში.


წიწმატურა - Capsella bursa-pastoris (L.) Medic.

ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლე 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი, თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, უკუღმა სამკუთხა-გულისებური; თესლი - მოყავისფრო-მოყვითალო, ოვალური, ბადისებური ზედაპირით, სიგრძე 1-2.5 მმ, სიგანე  0.5-0.7 მმ, მწიფდება მაისიდან სექტემბრამდე, ერთი მცენარე იძლევა 70 000 თესლს;  

ჰელიოტროპი - Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.

მრავალწლიანი, შხამიანი მცენარეა (მიწისზედა ორგანოები და თესლი) ლაშქარასებრთა ოჯახიდან; ღერო - დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ყვავილები წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ფოთოლი - ელიფსური;  ნაყოფი (თესლი) უკუკვერცხისებრი, ოვალური, წვერი მრგვალია, ფუძე - ოდნავ ოვალური, ზედაპირი უსწორმასწორო, ნაცრისფერი, ან მომწვანო-ყავისფერი, თესლის  სიგრძე 1.25-1.75მმ; სიგანე  0.75-1 მმ. 


ლემა - Datura stramonium L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი ძლიერი; ღერო 1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებური, კიდედაკბილული, წვეროში წაწვეტებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო; ყვავილები ერთეული, კენწრული ან ფოთლის უბესთან განვითარებული, თეთრი, დიდი ზომის,  არასასიამოვნო სუნით, ყვავილობს ივლის - აგვისტოში; ნაყოფი - ოთხბუდიანი კოლოფი, დაფარულია ეკლებით, თესლი თირკმლისებური, გლუვი, შავი, სიგრძე 3-3.5 მმ, სიგანე 1.5-2 მმ, ერთ კოლოფში მწიფდება 500-800 თესლი, ერთ მცენარეზე ვითარდება 25-45 ათასი თესლი.
გვირილა  - Matricaria L.

ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სპეციფიკური სუნით. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი - კალათა, დიამეტრით 25 მმ;  ნაყოფი ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, წვრილი, ზედაპირი გლუვი,  მუქი მწვანე, მასაში მოვერცხლისფრო - ნაცრისფერი, სიგრძე 0.8 – 1.25 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი. 
მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 10-100 სმ;  ფოთოლი - მჯდომარე, მოგრძო  კვერცხისებრი, ყვავილი - ყვითელი; ნაყოფი - ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 2-4 სმ სიგრძის;  თესლი - მრგვალი, შავი ან მუქი ყავისფერი, გლუვი ზედაპირით, დიამეტრი 1.25-1.75 მმ, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000 ცალ თესლს.

თეთრი სამყურა - Trifolium repens L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი -მთავარღერძა, დატოტვილი, ვრცელდება 40-60 სმ სიღრმეზე; ღერო - მხოხავი, დატოტვილი, შიშველი; ფოთლები - რთული, სამფოთოლაკიანი, გრძელი ყუნწით, თითქმის სფეროსებური; ყვავილი -  თეთრი, ყვავილობს მაისიდან გვიან შემოდგომამდე; ნაყოფი - პარკი, მოგრძო, ბრტყელი, 2-5  თესლით, თესლი გულისებურ-ოვალური, მოყვითალო, ღია ყავისფერი, სიგრძე 1-1.5 მმ, სიგანე 0.75-1.25 მმ,  მწიფდება ივნის-ივლისში, ერთი მცენარე იძლევა 1000-10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 2-3 წელს.

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი